„გადავწყვიტე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა პარტიის თავმჯოდომარის და პოლიტსაბჭოსთვის, რომ მათ მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით," - ამ სიტყვებით აკაკი ზოიძე თანაგუნდელებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის გამოკითხვით უნდა გადაწყდეს, გადავა თუ არა საქართველო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ზოიძე ფიქრობს რომ ამ გზით საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის პოლარიზება დასრულდება. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი ზოიძის ინიციატივას არ მიიღებს, დეპუტატი საპარლამენტო მანდატს დატოვებს.
"ქართულ ოცნებაში" აკაკი ზოიძის ინიციატივის განხილვას არ გამორიცხავენ. მამუკა მდინარაძის თქმით, თემაზე პარტიის სხდომაზე იმსჯელებენ.
აკაკი ზოიძის ინიციატივას ოპოზიცია აბსურდს უწოდებს. არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია თანხმდება, რომ რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება პროცესს გააჭიანურებს. ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ მოსახლეობის სურვილი უკვე ცნობილია და ამომრჩეველთა უმრავლესობა პროპორციული სისტემის მომხრეა.
სამოქალაქო აქტივისტები კი, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ქართული ოცნების მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო კიდევ ერთხელ გავიდნენ, ამბობენ რომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ხალხმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
შეგახსენებთ, კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმი საერთო-სახალხო გამოკითხვაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად საქართველოს მასშტაბით იმართება. რეფერენდუმის ჩასატარებლად პრეზიდენტის ბრძანებულებაა საჭირო.